დღეს კონფერენცია "ქალთა მეწარმეობის განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში" გაიხსნება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში დღეს საერთაშორისო კონფერენცია - "ქალთა მეწარმეობის განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში", გაიმართება.

კონფერენცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის "სამხრეთ კავკასიაში მეწარმეთა ორგანიზაციების განვითარების" პროექტის ფარგლებში იმართება და აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მეწარმეთა გაერთიანებებთან ერთად, ქალი მეწარმეების უფლებებისა და შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე იმსჯელებენ.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, გამოიძებნოს ის მექანიზმები, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ქალთა მეწარმეობის განვითარებას უზრუნველყოფს.

კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, გერმანიის ქალ მეწარმეთა გაერთიანებების წარმომადგენლები, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ქალი მეწარმეები, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი პირები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.