აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019 წლის 9 თვის მონაცემებით 43%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობაში განაცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. მათივე ცნობით, 2018 წელს FDI-ს საერთო მოცულობა 78,8 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის 9 თვის მონაცემებით უცხოურმა ინვესტიციამ 112, 6 მილიონი დოლარს მიაღწია.
„აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 9 თვის მონაცმებით, აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უკვე აჭარბებს 2018 წლის სრული წლის მონაცემებს.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მასშტაბით პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.
2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $96.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.0 პროცენტია", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.