როდის გაიხსნება „ბიუ-ბიუს“ დაკეტილი ჯიხურები

ბოლო რამდენიმე დღეა „ბიუ-ბიუს“ ჯიხურების ნაწილი მომხმარებლებს დაკეტილი ხვდება. აღნიშულმა ფაქტმა მოქალაქეებში ბევრი კითხვა გააჩინა. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ამცირებს კომპანია საკუთარ წარმოებას, ან ჯიხურების დახურვით, „ბიუ-ბიუ“ ე.წ რებრენდინგის რეჟიმში ხომ არ გადავიდა.

როგორც კომპანიის დირექტორმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ჯიხურების დაკეტვა „ტექნიკური ხასიათის“ იყო, ოთხშაბათიდან კი ყველა ობიექტი ისევ გაიხსნება.

„არაფერი განსაკუთრებული, ჯიხურების დაკეტვა ტექნიკური ხასიათის იყო. ოთხშაბათს აბსოლუტურად ყველა ობიექტი გაიხსნება“,- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმება „ტექნიკური ხასითის“ მიზეზებში, „ბიუ-ბიუს“ დირექტორს არ განუმარტავს.

ნინი ქეთელაური