პირველ რიგში, მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნაძალადევში, დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.
მინისტრის თქმით, რაც შეეხება გაზის მოხმარების რეგულაციების გამკაცრებას, რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია, გაზის ლიცენზიანტი კომპანიები მკაცრად ამოწმებენ ბინებს და ხსნიან თვითნაკეთ და კუსტარულად დამონტაჟებულ მოწყობილობებს.
„რეგულაციების ნაწილი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს პაკეტი უკვე შემუშავებულია და გადაგზავნილია მთავრობაში. ამ ეტაპზე მიდის განხილვა, რადგან საკმაოდ კომპლექსური საკითხია, აქვს თავისი სოციალური დატვირთვა და ჩვენ ყველა შედეგი წინასწარ უნდა გავთვალოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ და როგორც საკუთარი, ისე მეზობლების სიცოცხლის გაფრთხილებისკენ.
„კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მეზობლების სიცოცხლეს. მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ გაზის მოხმარების წესებს , დავიცვათ ეს წესები და არ მივაერთოთ უკვე ერთხელ ჩახსნილი დანადგარი თვითნებურად, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ფატალური შედეგები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.