მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება. მინისტრის მოსმენა, სავარაუდოდ, 12 დეკემბერს გაიმართება.
ამავე კვირაში იგეგმება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაც. გარდა ამისა, შესაძლოა, პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც უყაროს კენჭი.
შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში ეს არის ბოლო პლენარული სხდომების კვირა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. შესაბამისად, 20 დეკემბერს 2019 წლის საშემოდგომო სესია დაიხურება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შესაძლოა ჩაინიშნოს რიგგარეშე პლენარული სხდომებიც.
„საშემოდგომო სესიის ფარგლებში ეს არის პლენარული სხდომების რიგით ბოლო კვირა. შემდეგ უკვე საკომიტეტო მუშაობისთვის გვექნება კიდევ ერთი კვირა. რა თქმა უნდა, თუ საჭირო იქნება, შეგვიძლია დავამატოთ სასესიო დღეები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.