„დაუნთაუნი“ კონცეფციას იცვლის - როგორი იქნება და რას შესთავაზებს განახლებული რესტორანი სტუმრებს

განახლებული კონცეფციით „დაუნთაუნი“ სტუმრებს იანვრიდან მიიღებს.

„დაუნთაუნის“ პირველი რესტორანი თბილისში 2010 წელს გამოჩნდა, ტაბიძის ქუჩაზე გაიხსნა და სტუმრებს სრულიად განსხვავებული ევროპული კერძები შესთავაზა. ამჯერად თბილისში მხოლოდ ერთი რესტორნით არის წარმოდგენილი მარჯანიშვილზე, რომელიც იანვრიდან სტუმრებს ახალ გარემოში მიიღებს.

„რადიკალურად ვცვლით კონცეფციას. ამ ცვლილებაში იგულისხმება პირველ რიგში, მიზნობრივი აუდიტორია. ესენი იქნებიან უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და უნდათ, რაღაც განსაკუთრებული მიირთვან, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გამორჩეული კერძები, ჯანსაღი და ტრენდული. აგრეთვე, მიზნობრივ აუდიტორიაში იქნებიან ის ქართველები, რომლებიც დადიან რესტორანში მსგავსი კერძების დასაგემოვნებლად.

განსხვავებულ კერძების შექმნაზე ჩვენი იტალიელი ბრენდ-შეფი ენცო ნერი ზრუნავს. ის არის დიდი გამოცდილების მზარეული, მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნის არაერთ ქალაქში, იცნობს ფაქტიურად ყველა ქვეყნის სამზარეულოს. ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა მისი საშუალებით დავაკომპლექტოთ არაჩვეულებრივი მზარეულების, პროფესიონალების გუნდი. ამ ჯგუფში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ცნობილ ქართულ გასტრონომიულ შოუებში, ნამუშევარი აქვთ „რედისონში“ და სერიოზული პროფესიონალები არიან სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გამოცდილებით. ანუ გვეყოლება 4 ქართველი მზარეული, ევროპული განათლებით და გამოცდილებით. საპილოტე მენიუს დეგუსტაციაც უკვე ჩატარდა. მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რომ გარემოც, ღონისძიებებიც, მენიუც და სხვა დეტალებიც ისე დაიგეგმება, რომ ადამიანებს განტვირთვის, ერთმანეთთან ურთიერთობის და ზოგადად მეტი სოციალიზაციის შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა მარიკა ბიბილეიშვილმა.

რესტორანს ექნება ღია სამზარეულო, სტუმრებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ მზადების პროცესს და სამზარეულოში მიმდინარე მოვლენებს, რაც ერთგვარად „შოუს“ ნაწილი იქნება. განსხვავებული იქნება ჭურჭელიც. „დაუნთაუნის“ დამფუძნებლის თქმით, კერძები გაფორმებული იქნება თიხის ჭურჭლებში. „ეს იქნება ახალი ჩვენს ბაზარზე, რადგანაც თავად კერძები იქნება ინტეგრირებული სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებდან. ასეთ კონცეფციას უკვე მისდევენ ლონდონში, პარიზში, საქართველოში კი „დაუნთაუნში“ იხილავენ.“

კონცეფციის ცვლილების შესაბამისად იცვლება რესტორნის ინტერიერიც. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, იქნება ნახევრად ინდუსტრიულ სტილში. „მსოფლიოში ყველგან მინიმალიზმისკენ მიდის აქცენტი და ჩვენც ამ მიმართულებით წავედით. განახლებული „დაუნთაუნი“ ძალიან ჰგავს მილანში მოქმედ რესტორანს „Carlo e Camilla“, რომელიც ძალიან პოპულარულია. „დაუნთაუნში“ კედლები და ჭერი იქნება დაძველების ეფექტით, შუაში გრძელი მაგიდით, სადაც დაახლოებით 18 ადამიანი მოთავსდება. დიდ მაგიდაზე აქცენტი იმიტომ გავაკეთეთ, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან იკონტაქტონ და კერძებიც ადვილი გადასანაწილებელი გახდეს. ასევე გვექნება 2-კაციანი, 4-6-კაციანი მაგიდები“, - განაცხადა ბიბილეიშვილმა. ახალი კონცეფციის დიზაინი მხატვარმა და ინტერიერის დიზაინერმა ნინო არზიანმა მოამზადა.

განახლებული „დაუნთაუნი“ შიდა დარბაზში ერთდროულად 70 სტუმარს მიიღებს, ამდენივე სტუმრის მიღებაა შესაძლებელი ვერანდაზეც, სადაც დიდი ბარი განთავსდება და ზამთარშიც შეძლებს სტუმარი გარეთ ისიამოვნოს. „ასეთი ბარის გაკეთებაც ჩვენი ახალი კონცეფციის ნაწილია, ღია ვერანდაზე ასეთი დიდი ბარი მე მგონი არავის აქვს ჩვენთან“, - განაცხადა მარიკა ბიბილეიშვილმა.

მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე განახლებულ „დაუნთაუნში“ ღვინის მაღაზიაც დაგხვდებათ - Wine Library, სადაც სტუმრებს სომელიე უმასპინძლებს და ღვინის დაგემოვნება და შეძენა შეეძლებათ. ასეთი კოლაბორაციაც ახალი კონცეფციის ნაწილია, ამბობს ბიბილეიშვილი.

განახლებული „დაუნთაუნი“ 7 იანვრისთვის გაიხსნება. რესტორანში მთლიანად 30 ადამიანი იქნება დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ „დაუნთაუნის“ 50% საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალმა“ შეისყიდა. „სინერჯი კაპიტალის“ თავდაპირველ გეგმაშია რესტორნის განახლებული კონცეფციით გახსნა და უკვე შემდგომ, ქსელის გაფართოება.

„დაუნთაუნი” 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი წარმატებული სარესტორნე ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანს ევროპული სამზარეულო დაეგემოვნებინა განსხვავებულ ატმოსფეროში. ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია დახვეწილი კონცეფციით გავაგრძელოთ და მუდმივად განვითარებადი ფორმატით სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს საუკეთესო მაგალითები გავასინჯოთ სტუმრებს. სტუმრებს დახვდებათ გარემო, სადაც უკეთესად განტვირთვის და მეტი სოციალიზაციის შესაძლებლობა ექნებათ“, - აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.

NS