ქრთამის აღების ფაქტზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად გამოართვა 3500 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.