მსოფლიოში სატელევიზიო რეკლამა 4%-ით შემცირდა

2019 წელს სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციები შენარჩუნებულია - ინტერნეტში რეკლამის განთავსების მაჩვენებელი იზრდება, ხოლო სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაში - მცირდება.

მსოფლიო სარეკლამო ბაზრის 2019-2020 წლების ტენდენციებთან დაკავშირებით განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები გამოაქვეყნა კონსალტინგურმა კომპანიამ Magna Global-მა.

საერთო ჯამში, სარეკლამო ბაზარზე გაყიდვები გაზრდილია 5,2%-ით. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გრძელდება ზრდა ციფრული რეკლამის ბაზარზე, სადაც წელს 15%-იანი ზრდა ფიქსირდება, განსაკუთრებით კი სარეკლამო კონტენტის განთავსება ყველაზე სწრაფად იზრდება სოციალურ ქსელებში, უკვე 2020 წელს ამ ნაწილში 25%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

ამასთან, ტრადიციულ სატელევიზიო ბაზარზე გაყიდვებმა 4%-ით იკლო. Magna Global აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ. კომპანია აღნიშნავს, რომ კლება ხდება სატელევიზიო აუდიტორიის შემცირების კვალდაკვალ.

რაც შეეხება რეგიონებს გლობალურ ბაზარზე, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ინდოეთში - 12%, ჩინეთში - 8,8%, ბრაზილიაში - 7,6%.

კოკა კვირკველია