„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც გავეცნობით სხვა ქვეყნების მონაცემებს.
კერძოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველოზე უარესი მაჩვენებელი აქვთ მხოლოდ უზბეკეთსა (68%) და ყირგიზეთს (67%). კიდევ უფრო სავალალო სურათია უშუალო მეზობლებთან შედარებით; კერძოდ, სომხეთის მოქალაქეების 52%-მა მიიღო უარი, ხოლო, აზერბაიჯანის - მხოლოდ 25%-მა.
ცნობისთვის: B1 და B2 კატეგორიის ვიზები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც დროებით ჩამოდიან აშშ-ში. კერძოდ, B1 ვიზა გახლავთ ბიზნესისთვის, ხოლო B2 ვიზა გაიცემა ტურისტებზე და სამედიცინო მიზნებისთვის. ასეთი კატეგორიის ვიზაზე ძირითადად უარს ეუბნებიან იმ პირებს, რომლებიც ვერ ასაბუთებენ, რომ აშშ-ში ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში. სწორედ ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეებზე უარის თქმის ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი.
რატომ მიმართავს ის ხალხი აშშ-ის საკონსულოს ვიზისთვის, რომლებმაც იციან, რომ დიდი ალბათობით უარყოფით პასუხს მიიღებენ? უბრალოდ, ისინი ფიქრობენ, რომ იქნებ „გაუმართლოთ“, იქნებ მაინც „ჩაურტყან“ ვიზა და ტურიზმის საბაბით წავიდნენ ემიგრაციაში. ასეთ ნაბიჯს კი უმთავრესად უიმედო მდგომარეობაში მყოფი ხალხი სჩადის, ის ხალხი, ვისაც არა აქვს ხვალინდელი დღის იმედი საკუთარ ქვეყანაში,“-წერს ბასილია.