რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზენტაცია წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმციით, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მიმდინარე წელს 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. ასევე განხორციელდა 52 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჯამში, 2019 წელს სულ 200 რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა.
2019 წელს რეაბილიტირდა ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი გზები, როგორიცაა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი თონეთის 26 კმ-იანი გზა, რომელიც მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა, ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზა, რომლიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რეაბილიტირდა და მისმა ღირებულებამ 18 533 700 ლარი შედგინა და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკას 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის ღირებულებამ 13 795 800 ლარი შეადგინა.
ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის დასრულდა ცაგერში, ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება ხონში, ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გზის, ხიდების და ძამას ხეობაში, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზის რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელ გზას.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იან გზაზე, ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს და სრულად 2021 წელს დასრულდება. ასევე, სამუშაოები გრძელდება კახეთის მიმართულებით ახმეტა-თელავი-ბაკურციხის (გურჯაანის შემოვლითი) 15.5 კმ-იან გზაზე, რომელიც ქ. გურჯაანს სრულად განტვირთავს მოძრაობისგან, აღნიშნული გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მათ შორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელ 28 კმ-იან და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იან გზებზე.