თეთნულდში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

"თუ ობიექტურმა ფაქტორებმა ხელი არ შეგვიშალა, ეს საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება"

სვანეთი საქართველოს უძველესი და ულამაზესი მხარეა. იქ კარგად არის შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები, დაცულია ქართული ჭედური ხელოვნები ღირსშესანიშნავი ნიმუშები, ძველი ქართული კულტურისა და მწერლობის უძველესი ძეგლები... ამის გამო სვანეთს, განსაკუთრებით კი, მესტიას, ტურისტების ყურადღება არასოდეს მოჰკლებია. მართალია, ეს მხარე მატერიალური კულტურის ძეგლებით ძალიან მდიდარია, მაგრამ სტუმრების ყურადღებას თავისი სილამაზითა და უნიკალური ბუნებითაც იპყრობს. სწორედ ამიტომ, სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველაფერი კეთდება სვანეთში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ მიზნით, კომპანია "თეთნულდი დეველოპმენტი” თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე 15,38-მილიონიან პროექტს იწყებს. ამ პროექტის ფარგლებში საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების მონტაჟი და ინფრასტრუქტურული ობიექტების აშენებაა დაგეგმილი. კომპანიამ უკვე გააფორმა 15,38 მილიონი ლარის კონტრაქტი ავსტრიულ RMS Ropeway Maintenance Systems-თან, რომელიც სამუშაოებს ჩაატარებს. სხვათა შორის, ავსტრიული კომპანია ერთადერთი იყო, რომელიც "თეთნულდი დეველოპმენტის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობდა. როგორც "თეთნულდი დეველოპმენტში" გვითხრეს, სამშენებლო სამუშაოები კურორტზე გაზაფხულიდან დაიწყო. გზის, ელექტროენერგიის გაყვანა და სხვა სახის სამუშაოები ქართველ სპეციალისტებსაც არ უჭირთ, საბაგირო სისტემების მონტაჟს კი სპეციფიკურო ცოდნა სჭირდება და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ავსტრიელების დახმარება. კურორტზე მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. "თუ ობიექტურმა ფაქტორებმა ხელი არ შეგვიშალა, ეს საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება" - აცხადებენ კომპანიაში.

პროექტს პერსპექტიულად მიიჩნევს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან მამაცაშვილი, რომელსაც Bpn.ge ესაუბრა.

რუსუდან მამაცაშვილი: "საერთოდ, პროექტისათვის გამოყოფილია 18 მილიონი ევრო, ამ თანხაში შედის ორი საბაგირო, რომელიც უკვე დამონტაჟებულია, დარჩენილი ოთხი საბაგირო კი - ახლო მომავალში აშენდება. მესტია, როგორც ზამთრის კურორტი, წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კურორტის მიმზიდველობის გაზრდას. მსგავსი პროექტები ვიზიტორთა რაოდენობის ზრდისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება ამგვარი პროექტების განხორციელებას და მეც ვფიქრობ, რომ ეს საკამოდ კარგი პროექტია".

რუსუდან მამაცაშვილის თქმით, საბაგიროებისა და სამთო-სათხილამურო ტრასების ნაკლებობა ყოველთვის იყო სვანეთის მთავარი პრობლემა და ამ პრობლემის აღმოფხვრა თავისთავად შეუწყობს ხელს იქ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ამ და სხვა პროექტების განხორციელების შედეგად სავსებით რეალურია, რომ მესტია სამთო-სათხილამურო ტურიზმის სერიოზული კერა გახდეს. თანაც, ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს თუნდაც საოჯახო ტიპის სასტუმროებიდან. როგორც წესი, ზამთარში მესტიაში არ მუშაობს იმდენი სასტუმრო, რამდენიც წელიწადის თბილ პერიოდში, რადგან ამ დროს სვანეთში ვიზიტორების სიმცირე იგრძნობა.

შეკითხვაზე - ხომ არ დაიკარგება ბუნებრივი ხიბლი, რომელიც სვანეთს აქვს და რომელიც ასე იზიდავს უცხოელ ტურისტებს? - რუსუდან მამაცაშვილი პასუხობს: "ნებისმიერი პროექტის განხორციელება, და მათ შორის, სამთო-სათხილამურო ტრასების გაყვანაც, სვანეთში ისე უნდა მოხერხდეს, რომ ბუნება არ დაზიანდეს და ამ მშვენიერმა კუთხემ თავისი მომხიბვლელობა არ დაკარგოს. ყველა ცდილობს, რომ მშენებლობისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო ნორმები და მდგრადი ტურიზმის პრინციპები. რა თქმა უნდა, არავის სურს სვანეთის უნიკალური ბუნება განადგურდეს და ყველანაირად ვეცდებით, რომ ასე არ მოხდეს. ყოველ შემთხვევეაში, ალბათ ვერავინ შეგვედავება, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ ტიპის პროექტების განხორციელება ძალიან დიდი სტიმული იქნება სვანეთისა და მისი მოსახლეობისათვის".

ხათუნა ჩიგოგიძე