ნათია თურნავა მცირე მეწარმეებს წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 50-მდე მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობებს გადასცემს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ მეწარმეებს წყლით სარგებლობა გამარტივებული წესით შეეძლებათ.

„ლიცენზიის გაცემის წესების გამარტივება შესაძლებელი გახდა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რამაც სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა გაამარტივა“, - აცხადებენ სამინისტროში.

გამარტივებული წესებით ლიცენზიების გადაცემის ღონისძიება დღეს, 14:00 საათზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, კომპანია „აქუა ჯორჯიას“ ეზოში გაიმართება.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სხვა პასუხისმგებელი პირები, ბიზნესის წარმომადგენლები.

მინისტრი ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს კომპანია „აქუა ჯორჯიას“ საწარმოს და საწარმოო პროცესს გაეცნობა.