თბილისის მასშტაბით მუნიციპალური ავტოპარკის განახლება გრძელდება. დღეს, „ბოგდანის“ ფირმის ე.წ. ყვითელი ავტობუსები ISUZU-ს მარკის ახალმა ავტობუსებმა რვა მარშრუტზე ჩაანაცვლა. მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, ახალი ავტობუსები სამ ხაზზე გავიდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.
ავტობუსების ჩანაცვლების პროცესს, დღეს, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, რაიონის გამგებელთან და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, დღეიდან „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ჩუღურეთის მოსახლეობას ახალი ავტობუსებით #77, #68, #110 ხაზებზე მოემსახურება.
„ჩუღურეთი რთული გეოგრაფიული მდებარეობის მქონე რაიონია, სადაც ბევრი ვიწრო ქუჩა და რთული აღმართი გვაქვს. ამდენად, ავტობუსების განახლების პროცესი აქ მეტად მნიშვნელოვანია. ახალი ავტობუსები მოსახლეობის გადაადგილების პროცესს გააადვილებს და მას კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
ჩუღურეთის რაიონში, ავტოპარკის განახლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და სამომავლოდ მისი სრულად განახლება იგეგმება.