დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ეგიდით შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენინგი (TOT) მიმდინარეობს. კურსის მიზანია დამსაქმებელთა ასოციაციის ამ სფეროს ტრენერებსა და ტრენერობის კანდიდატებს აუმაღლოს დარგობრივი ცოდნა და გაუუმჯობესოს ეფექტური სწავლების წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები უახლესი საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად.

დამსაქმებელთა ასოციაციის ცნობით, აღნიშნული კურსი, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები უძღვებიან, დისტანციური და პირისპირ სწავლების 2 თვიან პერიოდს მოიცავს.

„მოხარულები ვართ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ხელშეწყობით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ტრენერები საერთაშორისო დონის ტრენერის სტატუსს მოიპოვებენ. მოგეხსენებათ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების სფეროში ბიზნეს სექტორისთვის მრავალმხრივი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციაა, მათ შორის სასწავლო-სატრენინგო მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კურსი, რომლის შედეგადაც, ერთი მხრივ, ამაღლდება ჩვენ მიერ გახორციელებული ტრენინგების ხარისხი, ეფექტურობა და პრესტიჟი, მეორე მხრივ, გაიზრდება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ტრენერების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ რეგიონები სატრენინგო მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.

ტრენერთა ტრენინგს 15 მონაწილე ჰყავს, რომლებიც, კურსის დასრულების შემდეგშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის უსაფრთხოების ტრენერის რეგალიის დამადასტურებელ სერტიფიკატებს მიიღებენ.