ქართველი ემიგრანტები უკრაინულ ჭაობში ეფლობიან

ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრი ჩვენი თანამემამულე უმუშევარია და საქართველოში ფულს ვეღარ აგზავნის

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, უკრაინაში ქართველ ემიგრანტებს დიდი პრობლემები აქვთ. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გამო, სამუშაოდ წასულ ჩვენს თანამემამულეებს ძალიან უჭირთ. ვინც უშუალოდ კონფლიქტის ზონაში ან მის სიახლოვეს ცხოვრობდა თუ საქმიანობდა, სამშობლოში გამოიქცა.

უკრაინაში მცხოვრები ქართველების არასახარბიელო მდგომარეობა ფულად გზავნილებზეც აისახა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო თვეებში ფულადი გზავნილების მაჩვენებელი დაახლოებით 750-800 ათასი დოლარით შემცირდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1-1,5 მილიონიანი ვარდნაა.

კერძოდ, 2014 წლის აგვისტოში უკრაინიდან საქართველოში 2,298 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს მაშინ, როცა მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი 3 მილიონ დოლარს აღწევდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინიდან ფულადი გზავნილის ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა დეკემბერში და მან 8 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ეს მაჩვენებელი იანვარში 3,66 მილიონი დოლარი იყო. შარშან სექტემბერ-ოქტომბერში უკრაინიდან საქართველოში სტაბილურად 3,2-2,7 მლნ დოლარი ირიცხებოდა.

უკრაინაში მყოფ ქართველებს ძირითადი სამუშაო სავაჭრო და სამშენებლო სექტორში აქვთ, იშვიათად - სპორტში. ვინც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ცხოვრობდნენ, უმეტესობამ იქარუობა დატოვა და საცხოვრებლად შედარებით უსაფრთხო ტერიტორიაზე გადავიდა. როგორც მათ ”რეზონანსს” განუცხადეს, რამდენიმე ქართველი სამშობლოშიც დაბრუნდა, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა და უმრავლესობა მაინც ადგილზე რჩება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მკვიდრი, ამჟამად უკრაინაში მცხოვრები მანუჩარ გუნია ამბობს, რომ უკრაინის დედაქალაქში ბავშვთა საფეხბურთო გუნდში მწვრთნელად მუშაობს. ის არ მალავს, რომ შემოსავალი შეუმცირდა და სამშობლოში დარჩენილ ოჯახს ძველებურად ვერ ეხმარება.

”ორი ათეული წელია, რაც კიევში ვცხოვრობ. აქ გაჭირვების გამო ჩამოვედი. ყოფილ ფეხბურთელს სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია, ამჟამად ბავშვთა საფეხბურთო გუნდში მწვრთნელი ვარ. იგი უკრაინაში საკმაოდ მომგებიანი საქმიანობაა და ამ სფეროში თავი ადვილად გამაქვს. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო. არსებული კრიზისის გამო, ზოგიერთი მშობელი ბავშვის ფეხბურთზე ტარებას უკვე ერიდება. ადგილობრივებს დიდი შიში აქვთ, რომ მათი მდგომარეობა გართულდება, ამიტომ სპორტისთვის ნაკლებად იცლიან, ძველებურად აღარ არის პრიორიტეტული. მართალია, ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ ჩემს ფინანსურ შესაძლებლობაზე ძალიან ცუდად აისახა. მეც ოჯახს რიგიანად ვერ ვეხმარები. თუ ადრე ყოველთვე ვაგზავნიდი თანხას, ახლა ამას ვერ ვახერხებ. ივნისის შემდეგ ავადმყოფი მამისთვის ფულის გაგზავნა მხოლოდ ახლა შევძელი, ამისთვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა”, - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

ტყიბულის რაიონის მკვიდრმა ვახო ქასრაშვილმა დონეცკის ოლქიდან კიევში გადაინაცვლა. იგი ქირით ცხოვრობს და ქვეყანაში დარჩენა უფრო და უფრო უჭირს. მიუხედავად ამისა, ვახო ქასრაშვილი სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს.

”დონეცკის ოლქში ვცხოვრობდი. არსებული კონფლიქტის გამო წამოვედი, მაგრამ რამდენიმე ჩემი ახლობელი მაინც ადგილზე დარჩა. ცოლ-შვილი მყავს და მათ საფრთხეს ვერ შევუქმნიდი, ამიტომ საცხოვრებელი შევიცვალე. მშენებლობაზე ვმუშაობდი, რაც დონეცკში ერთ-ერთი სარფიანი სფეროა. კიევში ჯერჯერობით ახალი საქმე არ დამიწყია. აქაურებსაც უჭირთ და სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია. ვეჭვობ, ჩემი საქმიანობით ჯერჯერობით დავკავდე, ხელჩასაჭიდი ამ მხრივ არაფერია. რაც კიევში ვარ, საქართველოში ფულს ვეღარ ვაგზავნი. პრობლემის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნებას არ ვაპირებ. უკრაინაში დასაქმების მეტი პერსპექტივაა, რასაც ტყიბულში ვერაფრით მოვახერხებ. მირჩევნია, ცოტა გავიჭირვო და ახალი სამსახური მოვძებნო. ვითარება თუ შეიცვლება, ისევ დონეცკში დავბრუნდები”,- გვითხრა ვახო ქასრაშვილმა სატელეფონო საუბრისას.

ქართველი ემიგრანტების საქართველოში დარჩენილ ოჯახებში ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაზე ჩივიან.

თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის უკრაინიდან გამოგზავნილი თანხა ძირითადი შემოსავალია. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ შემწეობის თანხის გარდა, ამ ეტაპზე სხვა შემოსავალი არ აქვს. ზედიზედ ოთხი თვეა, უკრაინაში მყოფ გიორგის ოჯახის წევრებისთვის ფული არ გადმოურიცხავს.

”გიორგი აქედან ოთხი წლის წინათ წავიდა. გაჭირვების გამო შეელია ოჯახს, სხვა გამოსავალი მაშინ არ იყო. ახლობლების დახმარებით, მშენებლობაზე მუშაობდა და 200 დოლარს, ხან მეტსაც, ყოველ თვე გვიგზავნიდა. მეოთხე თვეა, ეს დახმარება არ მიგვიღია, თუმცა ხშირად რეკავს და ამით ვიგებ, რომ კარგადაა. სამსახური დაკარგა და თავის გატანა ახლა მასაც უჭირს. იმედი აქვს, რომ ახალ სამსახურს დაიწყებს, ჯერ ეს მისთვის რთულია, მაგრამ ვერც აქ დაბრუნდება. კრიზისის მიუხედავად, უკრაინაში გიორგის სამსახურის შოვნის მეტი შანსი აქვს. მთლიანად შემწეობის თანხაზე ვართ დამოკიდებული, საჭმლის ფულადაც არ გვყოფნის, მთელი ოჯახი ცუდ დღეში ვართ”, - ამბობს ლუნა ჯოჯუა, დევნილი დიასახლისი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”