„ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდება და უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას ემსახურება. ასე ეხმაურება დავითაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალ „ველური ბუნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

„უხერხულია სპეკულირება ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ჩვენს ქვეყანაში იქნება დენდროლოგიური პარკი ასწლოვანი სხვადასხვა უნიკალური ჯიშის მცენარეებით. რაც შეეხება ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირების პროცესს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მთავარია, ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდეს.

მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცვის მიმართულების პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები, რომელიც უკანონო ხე-ტყის მოპოვებას უკავშირდება. დღეს სანქციები, გარემოსდაცვითი კანონდარღვევების მიმართ გამკაცრებულია და აღსრულების კუთხითაც მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვლილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.