„საჭიროა, მინიმუმ 1.3-1.5 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია"

ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 1.3-1.5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეს მარტივი საქმე არ იქნება, თუმცა შესაძლებელია, - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან აცნობეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობას რამდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს.

„ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება 2020 წელი, მხედველობაში მაქვს მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, მნიშვნელოვნად იქნება დაკავშირებული ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტების და ხარჯების სრულ და ეფექტიან ათვისებასთან და უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის ცნობით, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2019 წლისგან განსხვავებით, მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. გაიზრდება პენსიები და ხელფასები.