თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს შეუძლია დაიწყოს შავი ზღვის გეოლოგიური დაზვერვის სამუშაოები. ამის შესახებ მან ტელეკომპანია TRT-ს ეთერში განაცხადა.
„თურქეთი შეიძენს კიდევ ერთ ბურღვით ხომალდს და ჩვენ განვაგრძობთ სადაზვერვო სამუშაოებს არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვაში, არამედ შავ ზღვასა და საერთაშორისო წყლებშიც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ქვეყანამ ლიბიასთან ერთად აწარმოოს გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება მემორანდუმს საზღვაო საზღვრების შესახებ.
როგორც ცნობილია, თურქეთი გეგმავს ბურღვითი სამუშაოების წარმოებას კვიპროსის შელფზე, რომელიც უკმაყოფილებას იწვევს თავად კვირპროსის რესპუბლიკასა და საბერძნეთში. ამის გამო ევროკავშირმა თურქეთს სანქციებიც დაუწესა.