Volkswagen-ი შესაძლოა, დიზელგეითის ახალ სკანდალში აღმოჩნდეს

გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები კვლავ დაინტერესდნენ Volkswagen-ის დიზელის ძრავებით, თუმცა ამჯერად სხვა მოდელებში.

თითქოს Volkswagen-ის ძრავებთან დაკავშირებული უდიდესი სკანდალი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ არა. გერმანიის პროკურატურას ახალი პრეტენზიები გაუჩნდა კონცერნთან. როგორც „როიტერსი“ წერს, გამომძიებლები ამ დღეებში კომპანიის სათავო ოფისს ეწვივნენ და გამოითხოვეს დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა დიზელის ძრავებს ინდექსით EA288, მანამდე დიზელგეითი ეხებოდა ძრავებს ინდექსით EA189. 2015 წელს კომპანიამ აღიარა, რომ მიზანმიმართულად ცრუობდა, ახლა კი ხელისუფლების პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიჩნევს. ცნობისათვის, დიზელგეითი კომპანიას 33 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

როგორც ირკვევა, ძრავ EA288-ის ექსპლუატაციისას, ნამდვილად შეიძლება წარმოიშვას „ეკოლოგიური ხასიათის ზოგიერთი პრობლემა“, - ირწმუნებიან გერმანელი ინჟინრები, თუმცა ძრავი, მიუხედავად ამისა, შეესაბამება გერმანიის ხელისუფლების მიერ დაწესებულ ნორმებს და მასში არ არის გამოყენებული რაიმე ტიპის მოწყობილობა. ჟურნალისტების მტკიცებით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს არა კონცერნის წინააღმდეგ, არამედ აქ მომუშავე რამდენიმე პირის მიმართ.

კოკა კვირკველია