ნათია თურნავა - ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი

ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის მიმდინარე პროცესი და ლარის გამყარება გაგრძელდება.

10 დეკემბრის მონაცემებით, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარს შეადგენდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია.

„ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ჩვენ, ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით, რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამას ვხედავთ ახლა - ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალია, ინფლაციას შევზღუდავთ, ლარი მყარდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.