გრენლანდიაზე ყინული მოსალოდნელთან შედარებით 7-ჯერ უფრო სწრაფად დნება. იმ ინფორმაციას BBC მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეცნიერები გრენლანდიაზე მიმდინარე პროცესებს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული აკვირდებიან. მათი მტკიცებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გლობალური დათბობისა და ტემპერატურის მატებასთან ერთად გრენლანდიაზე ყინულის დნობამ საგრძნობლად იმატა.
მათი მტკიცებით, კვლევების დაწყებიდან დღემდე გრენლანდიაზე 3.8 ტრილიონი ტონა ყინული დადნა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საუკუნის ბოლოსთვის გრენლანდიაზე ყინულის დნობა იმდენად მასშტაბური იქნება, რომ მსოფლიო ოკეანის დონე 7 სანტიმეტრით აიწევს.
„მართალია მსოფლიო ოკეანის წყლის დონის 7 სანტიმეტრით მატება ბევრისთვის ერთი შეხვედვით საგანგაშო საფრთეს არ წარმოადგენს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული სანტიმეტრის მომატების გამო 6 მილიონ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება და გადასახლება მოუწევს“- აცხადებს ლიდის უნივერსიტეტის პროფესორი ენდი შეპარდი.
საერთო ჯამში კი, მეცნიერების ვარაუდით, 2100 წლისთვის მსოფლიო ოკეანის დონე 60 სანტიმეტრით მოიმატებს, რის გამოც მილიონობით ადამიანი იძულებული გახდება საცხოვრებელი სახლი დატოვოს.