კახა კალაძის განცხადებით, მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება

კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, ისე მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა, რომ მოსახლეობას ტარიფი არ გაეზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, კომპანიასთან მოლაპარაკებები იოლი არ იყო და მოლაპარაკებებში მონაწილეებს, მათ შორის ვიცე-მერს მადლობა გადაუხადა.

„დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება, მოწესრიგება და ორი კვირის წინ მივადექით საკმაოდ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, ეს არის მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხი, რომელიც დაევალა თბილისის ვიცე-მერს“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოწურული აქვს. „მგზავრობა სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვი,“-აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება მომდევნო წლიდან დაიწყება.