სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა გაიტანენ - რა შემოსავალი აქვს კომპანიას, რომელიც ზარალზე მუშაობს

საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა გამოიტანს.

ამის მიზეზი 6 დეკემბერს დაგეგმილი აუქციონის ჩაშლა გახდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, აუქციონის დღეს კომერციულ ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა. მაღალი ინტერესის მიუხედავად, აუქციონზე რეგისტრაცია მსურველებს არ გაუვლიათ.

ფონდი პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობდა სასტუმროს აქტივების 10-წლიან იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად, შესყიდვის შემთხვევაში საწყისი ფასი 37,565,408 აშშ დოლარი, ხოლო იჯარით აღების შემთხვევაში კი ყოველწლიური გადასახადი შესყიდვის ღირებულების 8%, ანუ 3,005,200 დოლარი იყო.

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია სასტუმროს ფინანსური მაჩვენებლები. 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, სასტუმროს შემოსავალი - 11 014 000 ლარია. მათ შორის 8 652 000 - შემოსავალი ოთახების გაქირავებიდან; 619 000 - ბანკეტებიდან და სხვა ღონისძიებიდან; 479 000 - საკვების რეალიზაციიდან; 312 000 - სასმლის რეალიზაციიდან. სასტუმროს საოპერაციო ხარჯი სულ 4 675 000 ლარი; პერსონალის ხარჯი - 3 753 000 ლარი; წმინდა ზარალი კი - 4 561 000 ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში 61 616 000 ლარის აქტივი იყო.

როგორც ფინანსურ ანგარიშგებაში ვკითხულობთ, კომპანიის საშუალო წლიური დატვირთულობა 2018 წელს 53% იყო; საშუალო შემოსავალი ერთ სტუმარზე - 214 ლარი; სტუმრების რაოდენობა - 51 506; ნომრის საშუალო დღიური ღირებულება - 302 ლარი; შემოსავალი ერთ ნომერზე - 161 ლარი; შემოსავალი სასტუმროდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან - 5 689 353 ლარი; შემოსავალი რესტორნიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან - 4 405 735 ლარი; სპა&სამედიცინო და სხვა მომსახურებიდან კი - 919 033 ლარი იყო.

სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“ 2011 წლის 1 ოქტომბერს შპს „კმგ- სერვის ჯორჯია“ და სს „საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე დაარსდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლებისათვის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურების სერვისის მიწოდება სასტუმროს 151 ოთახით, გამაჯანსაღებელი ცენტრის მომსახურების მიწოდება, რომელიც მოიცავს სამედიცინო-სამკურნალო მომსახურებას, და სპას. 2018 წლიდან სასტუმრო საქმიანობს ბორჯომი ლიკანის სახელით. 2017 წლის 31 დეკემბრამდე სასტუმრო საქმიანობდა Rixos ბრენდის სახელით.

ცნობისათვის, საპარტნიორო ფონდი „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იან წილს 2018 წლის ზაფხულიდან ფლობს. სწორედ იმ პერიოდში ქართულმა მხარემ ყაზახი პარტნიორებისგან 50%-იანი წილი გამოისყიდა.

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის.

თაია არდოტელი