ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით, 9,0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. მათი ცნობით, 2019 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111 400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5 909 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 1-ლი ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4000-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 5713 მილიონიდან 5909 მილიონ ლარამდე. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 111 400 ხელშეკრულებიდან 30 900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 745.51 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი ნოემბრის მდგომარეობთ 15.88% შეადგინა.
„რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 41 600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.51%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1 924.52 მილიონი ლარია.
35 200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2 995.54 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1 035.08 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.09%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 1 960.46 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.06%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.257 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.55%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2 800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 72.643 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.17%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2 606 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.32%-დან 12%-მდეა შემცირებული",-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელი იყო, რამდენადაც ეროვნული ბანკის განცხადებით, ის განაგრძობდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, ვიდრე ინფლაციაზე გაცვლითი კურსის წნეხი არ მოიხსნებოდა.
„მიუხედავად ბოლო პერიოდში ლარის გამყარებისა, გაცვლითი კურსის წნეხი ინფლაციაზე კვლავ რჩება და ნოემბრის ინფლაცია 7%-ია. (ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია). მიუხედავად საგარეო ფაქტორების დადებითი დინამიკისა (გაზრდილია ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ინვესტიციები), ლარის გაცვლითი კურსი ნოემბერში კვლავ გაუფასურებას განაგრძობდა, რაც უარყოფითი მოლოდინებით იყო განპირობებული. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ერთი მხრივ მცირედით გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, თუმცა დადებითად აისახება გაცვლით კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზე,“-აცხადებენ ორგანიზაციაში.