მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება, თუმცა მოცემული მომენტისთვის სისტემაში ბოროტად გამოყენების ბევრი შემთხვევაა, რაც ძირს უთხრის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მხარდაჭრას ევროპაში, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც თავისუფალ სავიზო რეჟიმსა და მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა.
ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ითხოვენ თავშესაფარს საფრანგეთში, რაც ქვეყნის იმიჯს აზიანებს საერთაშორისო დონეზე.
„თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობის საკმაოდ ხელშესახები მიღწევაა. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ მიღწევის შენარჩუნება და კიდევ უფრო გამყარება, თუმცა მოცემული მომენტისთვის, სისტემაში ბოროტად გამოყენების ბევრი შემთხვევაა, რაც ძირს უთხრის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მხარდაჭრას ევროპაში. ეს ასევე უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე. საფრანგეთში დღეს ქართველები არიან იმ მოქალაქეებს შორის, ვინც სულ უფრო ხშირად ითხოვენ თავშესაფარს. უფრო მეტი საქართველოს მოქალაქეა, ვიდრე რუსეთის მოქალაქე, ვინც საფრანგეთში დღეს თავშესაფარს ითხოვს. რა თქმა უნდა, საქართველო ძალიან ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა და ამის ახსნა რთულია, თუმცა ეს არის პრობლემა საქართველოს იმიჯისთვის, ისევე როგორც თავისუფალი სავიზო რეჟიმის მხარდაჭერისთვის ევროპაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ზომა მივიღეთ ამ მიმართულებით, მაგალითად, საფრანგეთში ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისეთი უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეების განაცხადებების შესწავლა, როგორიც საქართველოა, ხდება ძალიან სწრაფად. თავშესაფრის მოთხოვნაზე აპლიკანტების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებაც ძალიან სწრაფად ხდება და ამავდროულად, მათ არ აქვთ ჯანდაცვის მიმართულებით არანაირი სარგებელი. თუმცა არის უფრო ყოვლისმომცველი სიტუაციები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ და ჩვენ ახლა ვეცნობით რამდენიმე ზომას. ამ კონფერენციის მიზანია, რომ ჩვენს ევროპელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციიდან, საფუძველი ჩავუყაროთ საზღვრის სათანადო კონტროლის სისტემას და უზრუნველვყოთ სწორი ინფორმაციის გავრცელება ჯანდაცვის მიზნით თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ გულისხმობს პირობებისგან თავისუფლებას.
„უვიზო მიმოსვლა გულისხმობს იმას, რომ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს ქვეყანაში ვიზის გარეშე, თუმცა ერთი პირობა მაინც უნდა იყოს დაცული - იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში წახვიდე უნდა გქონდეს არსებობის შესაბამისი სახსრები, ამ ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით და ეს პირობა იქნება შემოწმებული საზღვარზე. ეს შემოწმდება, როდესაც ადამიანები ჩამოვლენ ევროკავშირში, მაგრამ ეს ასევე უნდა შემოწმდეს გამგზავრებამდე, იქამდე, სანამ ადამიანები თვითმფრინავში ჩასხდებიან. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხებზე, ვიმუშავებთ ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე მისი გაუმჯობესების მიზნით, ასევე ვიმუშავებთ შრომითი მიგრაციის მიმართულებით, იმისთვის, რომ შრომით მიგრაციას კონტროლირებადი ხასიათი ჰქონდეს. ჩვენ გვსურს, უზივო რეჟიმმა სათანადოდ იმუშაოს და იმუშაოს ისე, რომ მისი ბოროტად გამოყენება არ მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენს გვსურს თავისუფალი სავიზო რეჟიმის შენარჩუნება, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის მეგობრობის ერთ-ერთი მაგალითი“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.