„დღის წესრიგში ეს საკითხი მოლაპარაკებების ჭრილში დგას, მაგრამ არა ისე, რომ ახლა მალე ვიღაცას გავაგდებთ და აღვადგენთ "ლაღიძის წყლებს", - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვას - რა ეტაპზეა 2 წლის წინ დაწყებული პროცესი, რომელიც მერიის მხრიდან "ლაღიძის წყლების" ტერიტორიის გამოსყიდვას ეხებოდა.
როგორც ხმალაძე აცხადებს, ობიექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარი იყო, რისი გამოსყიდვაც მერიამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა.
„ლაღიძის წყლების" ტერიტორიის გამოსყიდვა-მოლაპარაკებები ვაწარმოე ყველა მხარესთან, ვისაც კი პოტენციურად შეიძლებოდა რაიმე როლი ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ობიექტის გამოსყიდვა, რომლის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი დოლარი იყო, არ იყო მიზანშეწონილი. მაგრამ ვამუშავებდი სცენარს, რომ მომხდარიყო იჯარის წესით აღება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც ფართს ფლობს, მასაც გრძელვადიანი იჯარით აქვს გაცემული ეს ფართი. სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში ინტერვენცია არ გამოდიოდა, ამიტომ დღის წესრიგში ეს საკითხი მოლაპარაკებების ჭრილში დგას, მაგრამ არა ისე, რომ ახლა მალე ვიღაცას გავაგდებთ და აღვადგენთ „ლაღიძის წყლებს",-განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერმა „ლაღიძის წყლების“ გამოსყიდვის დავალება ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან 2017 წელს მიიღო. მაშინ კალაძე აცხადებდა, რომ მერიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოს იმისთვის, რომ „ლაღიძის წყლები“ დედაქალაქს დაუბრუნოს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილი „გალერეა თბილისის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა.