ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მალე დადგება დღის წესრიგში, იქნება გაფრენის წინა შემოწმების პროცედურა, რაც გვჯერა, რომ არის მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემის სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც თავისუფალ სავიზო რეჟიმსა და მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა.
„ჩვენ ვეძებთ გზებსა და საშუალებებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკაში იმისთვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს და გაძლიერდეს ახალი კანონმდებლობა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მინიმუმამდე დავიდეს დარღვევების რაოდენობა, უზრუნველვყოთ სრული ლეგალურობა ყველა პარამეტრით, იყოს გასაგები და მუშა. უნდა გავაგრძელოთ კვლევა და არსებული ტრენდი უნდა შევცალოთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ეხება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ და ყველა აქტორმა საქართველოში ეს სერიოზულად მიიღოს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელმა თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში სულ უფრო ცოტა საქართველოს მოქალაქე შეძლებს თავშესაფრის მიღებას.
„უკვე მრავალია თვეა პრობლემები გავაქვს დაუსაბუთებელ თავშესაფრის მაძიებლებთან. თავშესაფრის სისტემა მოწყობილია, რათა დაიცვას ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ ომს, კონფლიქტს ან დევნას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა მიიღებს თავშესაფარს. თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს სისტემაზე და დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთან. ზოგჯერ ამას აქვს კრიმინალური ბუნება, ზოგჯერ ეს ეხება სამედიცინო სისტემის გამოყენებას ანუ არსებულ წესებთან თანხმობაში არ მოდის. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული იყო, ჩვენ ვხედავთ ძალისხმევას, ამბიციას, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს. ბევრი ეს პრობლემა თავისი ბუნებით საკმაოდ ჩახლართულია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა ვიპოვოთ ეფექტური გამოსავალი. ვხედავთ, რომ გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მან იმ უპირატესობებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვიზალიბერალიზაციას აქვს საქართველოსთვის და ევროპისთვისაც.
„საქართველოს 500 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოიყენა თავისუფალი სავიზო რეჟიმით მინიჭებული შესაძლებლობა. ეს ძალიან კარგია, რადგან ადამიანებს აკავშირებს, ხელს უწყობს მოგზაურობას ორივე მიმართულებით, ეს კარგია ადამიანების კონტაქტისთვის, ბიზნეს კონტაქტებისთვის“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.