ცენტრალური ბანკი ბოლო პერიოდში ძვირი ფულის პოლიტიკას აწარმოებს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებთან ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, სებ-მა მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ინფლაციის და ლარის დევალვაციის შესაჩერებლად გაზარდა.
"ცენტრალური ბანკი იყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, ბოლო პერიოდში ის აწარმოებს ძვირი ფულის პოლიტიკას. მან დღესაც ასწია მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, რადგან ბოლო პერიოდში ინფლაცია მნიშვნელოვნად აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს. საჭიროა ინფლაციის დათრგუნვა და ეს არის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება. ამას უკავშირდება ის პროცესები, რაც ბოლო პერიოდში არის, მათ შორის, ლარის დეველვაციაც არის შეწყვეტილი,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით, 9,0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.