ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის - გზავნილების მოცულობა  13.3%-ით გაიზარდა

2019 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151 მლნ აშშ დოლარი (448.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.3%-ით (17.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.3% მოდიოდა.

ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, ქვეყნებს შორის ტრადიციულად პირველ ადგილზეა რუსეთი, ნოემბერში იქიდან გადმორიცხვებმა 37,91 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია - 19,82 მლნ დოლარით; შემდეგია საბერძნეთი - 15,84 მლნ დოლარით; გზავნილების მიხედვით მეოთხე ადგილზეა აშშ, საიდანაც 14,48 მლნ დოლარი გადმოიგზავნა; ხოლო ქვეყნების ხუთეულში ბოლო ადგილზეა - ისრაელი, 13,75 მლნ დოლარით.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (64.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ნოემბრის (19.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.1%-ით მეტია.

თაია არდოტელი