ლევან დავითაშვილი - ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთაში მცხოვრებ მოსახლეობას მთის დღე მიულოცა.

მინისტრის თქმით, მთას განსაკუთრებული მოპყრობა და პოლიტიკა სჭირდება.

დავითაშვილი იმედოვნებს, რომ მთაში მცხოვრები უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს იმ პროგრამებით, რომელიც მთაში ცხოვრების დონეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და განავითარებს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ მთის დღე. საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი არის მთა და მას განსაკუთრებული მოპყრობა, განსაკუთრებული პოლიტიკა სჭირდება. ჩვენ უკვე გვაქვს ახალი კანონმდებლობა, მთის საბჭო, სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მთის განვითარებას ემსახურება. კარგი ტრადიციაა, მთის დღეს რომ აღვნიშნავთ და მთის შვილებს თბილისში ვმასპინძლობთ. ამისთვის მადლობას ვუხდი ქალბატონ მაია ცქიტიშვილს. მთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობა. ახალგაზრდების გარეშე მთა არაფერი არ იქნებოდა, არ ექნებოდა ის მომხიბვლელობა, ის სიცოცხლე, რომელსაც მათი მოღვაწეობა განაპირობებს. მე წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას. იმედი მაქვს, რომ ისინი და მთაში მცხოვრები კიდევ ბევრი ადამიანი ისარგებლებს იმ პროგრამებით, რომელიც მთაში ცხოვრების დონეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და განავითარებს. ჩვენ, არაგვის ხეობაში, სწორედ ფშავ-ხევსურეთში, გვექნება ახალი დაცული ტერიტორია და ვფიქრობ, დამატებითი ეკოტურისტული ნაკადების მოზიდვას შევძლებთ, რაც ხეობას ეკონომიკური განვითარების კუთხით ძალიან წაადგება. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ მთის დღეს!“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.