TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზს მიიღებს - ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ გოჩიტაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებისათვის. ქვეყანა შეღავათიან ფასებში იღებს გაზს სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტიდან. დღეისათვის ძალაშია 2 კონტრაქტი: ოფციური გაზისა (ტრანზიტის მოცულობასთან უშუალოდ დაკავშირებული) და დამატებითი გაზის. ოფციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა შესყიდულ იქნეს გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.
2018 წლამდე, TANAP-ის პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულებამდე და ექსპლუატაციის დაწყებამდე საქართველოს შეეძლო ოფციური გაზის ხელშეკრულებით მაქსიმუმ 330 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღება, TANAP -ის ამოქმედების შემდეგ თანდათანობით იზრდება სამხრეთის გაზის კორიდორით, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის მოცულობები. 2024-2026 წლებისათვის და შემდგომ იგი გაიზრდება 22 მლრდ კუბურ მეტრამდე და მეტად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღოს, რაც ქვეყნის დღევანდელი მოხმარების დაახლოებით 45%-ს შეადგენს.
შესაბამისი ყოველწლიური ფისკალური ეფექტი, TANAP-ის ექსპლუატაციის დაწყებითა და სამხრეთის გაზის კორიდორის სრული სიმძლავრით ამოქმედების შემთხვევაში დაახლოებით 300 მლნ ლარს, ხოლო ჯამური ეფექტი (2066 წლამდე პერიოდში) 12-13 მლრდ ლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა გოჩიტაშვილმა.