გრეტა თუნბერგი წლის ადამიანი გახდა

შვედი სკოლის მოსწავლე და ეკო-აქტივისტი გრეტა თუნბერგი ჟურნალ Time-ის მიხედვით 2019 წლის ადამიანი გახდა. როგორც ცნობილია, გოგონა 2018 წლის აგვისტოდან აწყობს მასობრივ პროტესტს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ხელისუფლებების უმოქმედობის გამო.

Time-ის შეფასებით, ჩვეულებრივი მოზარდი, რომელმაც იპოვა საკუთარ თავში სიმამაცე, ესაუბროს მსოფლიო ლიდერებს, წლის განმავლობაში გახდა თაობის რჩეული და ერთ-ერთი გავლენიანი სპიკერი ეკოლოგიის თემაზე.

როგორც ცნობილია, 2018 წლის აგვისტოში გრეტამ პარასკევობით დაიწყო სკოლის გაცდენა, რათა მოეხდინა შვედეთის პარლამენტის პიკეტირება, რომ ხელისუფლებას კლიმატის დასაცავად ზომების გატარება აიძულოს. მისი გაფიცვები მალევე გახდა გლობალური. ის სიტყვით გამოვიდა დავოსის ფორუმზე, გაეროს ასამბლეაზე, შეხვდა რომის პაპს. ის მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით.

ამ დღეებში ის მონაწილეობას იღებს გაეროს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მადრიდში.

კოკა კვირკველია