ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.
„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის, შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.
ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებს შორისაა მათ შორის, "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", ასევე სასტუმრო "პარაგრაფი აბასთუმანში"; სასტუმრო სიღნაღში; გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე; სასტუმრო განმუხურში; სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე; სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორზე; სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში; სასტუმრო თავისუფლების მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-3 კვარტალში 417.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-3 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.