ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე კვლავაც ჭარბი მიწოდება შენარჩუნდება. სიჭარბეს ხელს ვერ შეუშლის ვერც OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) და მისი არაწევრი პარტნიორების მიერ, ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის გაზრდა და ვერც აშშ-ში მოპოვების შემცირების მოლოდინი.
OPEC-ის და მისი პარტნიორი ქვეყნების მიერ, ახლახანს მიღებული გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველ ნახევარში, დღიური მიწოდება 2.1 მილიონი ბარელით (წინა შეზღუდვაზე 500 ათასი ბარელით მეტი) შეიზღუდება. მაგრამ IEA ვარაუდობს, იმავე პერიოდში გლობალური მარაგები დღიურად 700 ათასი ბარელით მოიმატებს.
IEA ვარაუდობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, წლის პირველ ნახევარში მიწოდება მოთხოვნაზე დღიურად 700 ათასი ბარელით მეტი იქნება, წლის მეორე ნახევარში კი სხვაობა დღეში მილიონ ბარელსაც კი მიაღწევს. და ეს იმ დროს, როცა სააგენტომ OPEC-ის არაწევრი ქვეყნების მიერ მიწოდების პროგნოზი 200 ათასი ბარელით (დღეში) შეამცირა.
OPEC-ის არაწევრ ქვეყნებს შორის, მიწოდებას ყველაზე მკვეთრად შეერთებული შტატები, ბრაზილია და განა შეკვეცავენ. ყველაზე მეტად, მოპოვება აშშ-ის ფიქალურ საბადოებზე შემცირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები მომპოვებლებს ხარჯების შეკვეცისკენ მოუწოდებენ, რათა მეტი მოგების მიღება შეძლონ.
ამის შედეგად, თუ წელს შეერთებულ შტატებში საშუალო დღიური მოპოვება 1.6 მილიონ ბარელს აღწევს, მომავალ წელს ის 1.1 მილიონ ბარელამდე შემცირდება.