რუსეთის მოქალაქეობა 2019 წელს 360,000-მდე უცხოელმა, მათ შორის 130,000-ზე მეტმა უკრაინელმა, მიიღო

რუსეთის მოქალაქეობა 2019 წელს 360,000-მდე უცხოელმა მიიღო, - ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალენტინა კაზაკოვამ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„იმ უცხოელების რაოდენობა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურთ, 2013 წლიდან იზრდება. შარშან რუსეთის მოქალაქე 270,000 ადამიანი გახდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 360,000-მდე გაიზარდა,“ - აღნიშნა კაზაკოვამ.

მისივე თქმით, იზრდება იმ უკრაინელების რაოდენობაც, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა სურთ.

„წელს რუსეთის მოქალაქეობა 130,000-ზე მეტმა უკრაინელმა მიიღო, ამას რასაკვირველია, ფედერალურმა კანონმაც შეუწყო ხელი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჰუმანიტარული ფაქტორის გათვალისწინებით ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურით მიანიჭოს,“- განმარტა კაზაკოვამ.

მისივე თქმით, ადამიანების უმეტესობა, რომლებმაც რუსეთის პასპორტები მიიღეს, დსთ-ს ქვეყნებში ცხოვრობს. ამ კუთხით უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზე ყაზახეთი, მესამეზე კი -ტაჯიკეთია.