2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.4 მილიონი ვიზიტი განახორციელეს.
აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მესამე კვარტლის შესაბამის მონაცემებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 710.3 ათასით განისაზღვრა, რაც 21.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების 36.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 55.6 პროცენტს შეადგენდა.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 35 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 15.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.2 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2019 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (45.4 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა (საშუალოდ 270.6 ათასი ვიზიტი თვეში) თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (საშუალოდ 238.3 ათასი ვიზიტი თვეში). 2019 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 235.4 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 22.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 8.7 ლარით და 169.4 ლარს უტოლდება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.