ალექსანდრე ძნელაძე ლარის კურსის გამყარებას მთავრობის პოლიტიკითა და სეზონური ფაქტორით ხსნის

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ლარის კურსის გამყარებას მთავრობის პოლიტიკითა და სეზონური ფაქტორით ხსნის.

ალექსანდრე ძნელაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებულმა ინსტრუმენტებმა და მათ შორის, მთავრობის პოლიტიკამ იმოქმედა ლარის კურსის გამყარებაზე.

„სეზონურად, წინასაახალწლოდ არის ხოლმე გამყარება მოსალოდნელი. ამას ემატება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. ამ ორივე ფაქტორმა მნიშვნელოვნად იმოქმედა გაცვლით კურსზე და დაიწყო ლარის გამყარება. რამდენად გრძელვადიანია ეს, უნდა ვნახოთ“, -აცხადებს ძნელაძე.

კითხვაზე, სეზონური ფაქტორის ამოწურვის შემდეგ, კვლავ უნდა ველოდოთ თუ არა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ძნელაძე აცხადებს, რომ პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი უკვე საკმაოდ მაღალია და ეროვნული ბანკი ინტერვენციებითაც ერევა ლარის სტაბილურობის კუთხით, შესაბამისად, დიდი რყევა მოსალოდნელი არაა.

„სახელმწიფოს მხრიდან ცალსახად გაცხადებულია, რომ ლარის კურსის ცვალებადობის წნეხი ინფლაციაზე უნდა მოიხსნას. აქედან გამომდინარე, არ ველოდები, რომ ძალიან დიდი ცვალებადობა იყოს. თუმცა გაცვლით კურსზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს და პროგნოზირება რთულია ,“-აცხადებს ძნელაძე.

ცნობისთვის, ლარი რამდენიმე დღეა მყარდება. დღეს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8661 ლარია.