2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება

2021 წლიდან, ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ფაზის ოილის” დირექტორმა გია შავდიამ ქარხნის პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, მშენებლობა სამ წელს გაგრძელდება და საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორი ქვეყანა გახდება.

“ინვესტიციების მოცულობა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვაპირებდით 2016 წელს, გაიზრდა სამჯერ. მილიარდ სამასი მილიონი დოლარია დღეს ჩვენი ბიუჯეტი.

ქარხანა ამუშავებს 4 მილიონ 200 ათას ტონა ნედლეულს. საქართველო მოიხმარს დღესდღეობით მხოლოდ მილიონ სამასი ათასს, ანუ სამჯერ უფრო მეტი წარმოება ექნება ქარხანას, ვიდრე საქართველო მოიხმარს. აქედან გამომდინარე, საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყნიდან გახდება ექსპორტიორი ქვეყანა. ჩვენი გათვლებით საწვავის ფასი 15-20% დაიკლებს და რაც ყველაზე უფრო მთავარია, საწვავის ხარისხი იქნება უმაღლესი “ევრო 5” და “ევრო 6”-ის სტანდარტის. ქარხნის იდეოლოგია ეყრდნობა იმას, რომ ის არ იქნება მიბმული არავითარ ქვეყანაზე. გარდა ამისა, პროდუქცია ევროპის ქვეყნებშიც იქნება რეალიზებული”, - განაცხადა გია შავდიამ.

კომპანია Deloitte & Touch-ის წარმომადგენლის განცხადებით, “პროექტი არის გარკვეულწილად ეკო-მეგობრული, ამ პროექტის მსგავსი, რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ არის, მათ შორის, არც თურქეთში”.

ამასთან, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საწარმოს მინიმალური ზემოქმედება ექნება გარემოზე.

“ჩვენ გვაქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი და ეს არის პოლიტიკა, რომელიც სრულად თანხვედრაშია ევროპულ მიდგომებთან. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები გვაქვს და შესაბამისად, კომპანიას ეს გაცნობიერებული აქვს და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტების საწარმო მოწყობა და მშენებლობა მოხდება”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას შპს “ფაზის ოილი” და საკონსულტაციო კომპანია “Deloitte & Touche” ახორციელებს.

მშენებლობის პროცესში 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ქარხნის ექსპლუატაციაში მიღებისთანავე 450 მუდმივი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

(R)