სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ბოლო ორ კვირაში მეორედ დააჯარიმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით, ამჯერადაც სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

სემეკის ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველს მომხმარებლის ინფორმირების გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი წყვეტა წარმოადგენს.

„კერძოდ, სემეკს განცხადებით მიმართა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრმა“, სადაც მიუთითა, რომ ქ. თბილისში მდებარე 3 ობიექტზე უწყდებოდა ელექტროენერგია ისე, რომ არ ხდებოდა მისი ინფორმირება მითითებულ საკონტაქტო ნომერზე არც წინასწარ და არც წყვეტის შემდეგ. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მომხმარებელმა რამდენჯერმე მიმართა სს „თელასს“ ცხელი ხაზის მეშვეობით და მოითხოვა წყვეტების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა კონკრეტულ სატელეფონო ნომრებზე. თუმცა, კომპანიის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა. გარდა ამისა, საკითხის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასს“ წყვეტების შესახებ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია ასახული სემეკის ელექტრონულ ჟურნალში, რაც წარმოადგენს რეგულაციების შეუსრულებლობას.

სს „თელასს“ დარღვევების აღმოსაფხვრელად 1 თვიანი ვადა განესაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია 15 000 ლარით დაჯარიმდება“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.