12 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორ თბილისის დიდ დარბაზში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora”-ს რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ეროვნული მასშტაბის კონკურსი, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით ტარდება, აჯილდოებს საქართველოში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში. კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია; კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრო 250 ადამიანი, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ეკა ურუშაძე მიესალმა სტუმრებს: „იმისათვის, რომ საზოგადოება განვითარდეს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი გახდეს. შესაბამისად, კონკურსის საშუალებით საქართველოში განხორციელებული შესანიშნავი და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული CSR ინიციატივების გაზიარება და დაფასება მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ პროცესს.“
Meliora 2019-ის გამარჯვებულები შემდეგი კომპანიები გახდნენ:
1) წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის წოდება პროკრედიტ ბანკმა მოიპოვა - ჯილდო გადასცა დიმინიკა სკუბიდამ, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ატაშე;
2) წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია ალტიტუდა გახდა - ჯილდო გადასცა არჩილ ბაკურაძემ, Meliora 2018-ის გრანპრის მფლობელი კომპანიის კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ;
3) მწვანე ინიციატივა: მოცემულ კატეგორიაში გაიმარჯვა თიბისი ბანკმა, პროექტით „მწვანე ავტოპარკი“ - გამარჯვებულს პრიზი გადასცა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა;
4) პასუხისმგებელი დამსაქმებელი:
ა) გაიმარჯვა კომპანიამ ნექსია თიეი, პროექტით „თანამშრომელი-ყველაზე მაღალი ღირებულება“- მას პრიზი იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ნიკოლა იორიომ გადასცა;
ბ) ამავე კატეგორიაში ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტმა „მოქმედების დღე“ გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა - პრიზი კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრმა, ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანგუს მაკქეიბმა გადასცა;
5) საზოგადოების მხარდაჭერა:
ა) კატეგორიაში საზოგადოების მხარდაჭერა, ჯიპიაი ჰოლდინგმა გაიმარჯვა პროექტით „ეკოისტი“- ჯილდო გადასცა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ;
ბ) ამავე კატეგორიაში ფონდი ფეა თრიიზ (მცირე/ საშუალო ზომის კომპანია) დაჯილდოვდა, პროექტისათვის - “ფეა თრიიზის ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა” - ჯილდო გადასცა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას ქიმესვინგერმა;
6) სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა:
ამ კატეგორიაში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, თომას შოლმა თიბისი ბანკი დააჯილდოვა პროექტისათვის „დავით კაკაბაძის შემოქმედების გამოფენა და თანამედროვე არტისტებისთვის ინსპირაციის მიცემა“;
7) კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე:
მოცემულ კატეგორიაში გამარჯვებული არ გამოვლენილა, თუმცა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, სცენაზე გამორჩეული პროექტი, „უნივერს ბიზნეს გრუპი“ წარმოადგინა, პროექტისათვის „უფასო ტრენინგების და კონსულტაციების გაწევა კომპანიებისათვის“;
8) CSR-ის შესახებ კომუნიკაცია:
ამ კატეგორიაშიც გამარჯვებული არ გამოვლენილა, ხოლო გამორჩეული პროექტის წოდება მოიპოვა თიბისი ბანკის პროექტმა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 2018 წლის ანგარიში“ - სერტიფიკატი გადასცა ელენ კოენმა, საკონსულტაციო კომპანია Beyond Business-ის დამფუძნებელმა და Meliora-ს საერთაშორისო ჯიურის წევრმა;
9) წლის CSR მენეჯერი:
წლის CSR მენეჯერი თამთა ასლანიშვილი გახდა, რომელიც კომპანია ემბისის (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) CSR მიმართულებას ხელმძღვანელობს - პრიზი გადასცა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ვიქტორია ჰორვატიმ;
10) შემოქმედებითი CSR - მოცემული კატეგორიის მხარდამჭერი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ქსელი (ACAG) იყო:
ამ კატეგორიის გამარჯვებული Watergunz გახდა პროექტით „გულგრილობის ხმა“ - პრიზი გადასცა დიდი ბრიტანეთის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელის მენეჯერმა და Meliora-ს საერთაშორისო ჟიურის წევრმა, ალექს ფერანდმა;
11) ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა - მოცემული კატეგორია ჩატარდა USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტთან „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II“, თანამშრომლობით, რომელსაც ახორციელებს სენნ:
მოცემულ კატეგორიაში დაჯილდოვდა მცირე და საშუალო კომპანია „ჯეომულჩი“ პროექტით „ტყის და ქალაქის სანიტარი - ნარჩენების გადამამუშავებელი უნარჩენო წარმოება“ – პრიზი გადასცა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა, მარიკა ოლსენმა.
Meliora 2019 კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ისრაელი, სლოვაკეთი, ავსტრია, შვედეთი, დანია, გერმანია და აშშ) და ქართველი ექპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.