ავტობანის 40-კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე წელს მოძრაობა გაიხსნება

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 40კმ-ზე მეტ მონაკვეთზე წელს მოძრაობა გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე განმარტებით, ოქტომბერში ექსპლოატაციაში ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე კი რუისი-აგარის 11-კილომეტრი შევა.

დღეს, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები, რუისი-აგარის და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთებზე სამშენებლო პროცესი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ, მისმა პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელმა მუსტაფა ბენმამარიმ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

"დღეს ჩვენი წარმომადგენლობა მონიტორინგის მისიით ვიმყოფებით რუისი-აგარა და აგარა-ზემო ოსიაურის სამშენებლო პროექტებზე. ვამოწმებთ როგორც სამუშაოების მიმდინარეობას, ისე მის ხარისხს და აღვნიშნავ, რომ არის დიდი პროგრესი, კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოების ხარისხით", – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელმა მუსტაფა ბენმამარიმ.

რუისი-აგარის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები სრული დატვირთვით, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით მიმდინარეობს. 19-კილომეტრიანი მონაკვეთის ღირებულება 70 მილიონი ლარია და მისი მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე კი მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის ღირებულება 105 მილიონ ლარს შეადგენს, მშენებლობა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 27 თვეში დასრულდება.