ევროპის ქვეყნებში ზამთრის ცივ დღეებში უამრავ დღესასწაულს აღნიშნავენ, აწყობენ კარნავალებს და ფესტივალებს. მათ უმეტესობას რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები აქვს.
The Guardians-ი წარმოგიდგენთ ევროპის ქვეყნების 10 ყველაზე საინტერესო ფესტივალს, რომლებიც ზამთარში იმართება.
Tschäggättu, შვეიცარია
შვეიცარიის მაღალმთიან სოფლებში 2-დან 25 თებერვლამდე ფესტივალი Tschäggättu იმართება, რა დროსაც უცნაურ ბეწვის ტანსაცმელში გამოწყობილი და სახეზე ხის ნიღბის მქონე პერსონაჟი სოფლებში დადის და მოსახლეობას აშინებს. ამ ტრადიციას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა. აღსანიშნავია, რომ მაშინ Tschäggättu მოსახლეობას სხვადასხვა ნივთებს პარავდა და აშინებდა, დღეს კი ღონისძიებამ სახალისო სახე მიიღო და ის ბავშვების საუკეთესო გასართობია.
Kurentovanje, სლოვენია
15-დან 25 თებერვლამდე სლოვენიაში ფესტივალი Kurentovanje იმართება, რომელიც სათავეს უძველესი პერიოდიდან იღებს. ფესტივალის დროს სლოვენიის სოფლებისა და ქალაქების ქუჩებში უცნაური თივის ტანსაცმელში გამოყობილი პერსონაჟები გამოდიან. მათ თავზე რქები და ფერადი მოსართავები აქვთ დამაგრებული. Kurentovanje-ის მიზანია ზამთრის ბნელი და ცივი დღეების შემდეგ მოსახლოებას გაზაფხულის მოსვლა ახარონ.
წმინდა მიკულაუსის დღე, ჩეხეთი
ჩეხეთში წმინდა მიკულაუსის დღეს ყოველი წლის 5 დეკემბერს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლის აღნიშვნის დასაწყისად ითვლება, რა დროსაც პრაღასა და ჩეხეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური მსვლელობები და ღონისძიებები იმართება. ტრადიცია სათავეს ქრისტიანობის გავრცელებიდან იღებს. წმინდა მიკულაუსი (ნიკოლოზი) ჩეხეთში ბავშვების მფარველად ითვლება.
Els Enfarinats, ესპანეთი
ესპანეთში ფესტივალ Els Enfarinats-ს 200-წლიანი ტრადიცია აქვს. 28 დეკემბერს ქალაქის რამდენიმე დაოჯახებული მამაკაცი ქუჩაში გამოდის და აბსურდულ კანონებს იგონებს. ამის შემდეგ ახალი კანონებით უკმაყოფილო მოსახლეობა მათ კვერცხებსა და ფქვილს ესვრის. ბოლოს კი „კანონმდებლებს“ ისინი უკან მიაქვთ და მოსალხეობას ურიგდებიან.
Rauhnacht, გერმანია
ყოველი წლის 5 დეკემბერს გერმანიის სამხრეთ ნაწილში Rauhnacht-ს აღნიშნავენ. ამ დროს ქალაქის ქუჩებში კრამპუსები- თხისა და დემონის კოსტიუმებში გამოწყობილი პერსონაჟები გამოდიან, რომლებიც მოსახლეობას აშინებენ. აღნიშნული ტრადიცია სათავეს წარმართული დროიდან იღებს.
საყვირის ჩაბერვა, ჰოლანდია
ჰოლანდიის სოფლების უმეტესობაში ყოველი წლის დეკემბერში გიგანტური საყვირის ჩაბერვის ფესტივალს აღნიშნავენ. წარმართულ პერიოდში მას ზამთრის ბნელი დღეებისა და ავი სულების განსადევნად იყენებდნენ.
Sappada, იტალია
იტალიის მაღალმთიანი სოფლებში თებერვლის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს ფესტივალ Sappada-ს აღნიშნავენ. ამ დროს დათვის ტანსაცმელში გამოწყობილი პირები, რომლებსაც ხელში ცოცხები უკავიათ იტალიის ალპების ქალაქებსა და სოფლებში გამოდიან და ბავშვებს აშინებენ.
Kjippen, ნორვეგია
ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს ნორვეგიის ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქ ფლოროში ადგილობრივები ქუჩაში მასშტაბურ მსვლელობას აწყობენ და ქალაქის ცენტრში იკრიბებიან. ამ დროს ისინი საახალწლო სიმღერებს მღერიან და ცეკვავენ. ღონისძიების კულმინაციას უზარმაზარი კოცონის ანთება წარმოადგენს. ამ ტრადიციას 2-საუკუნოვანი ისტორია აქვს.
გიგანტური ჩირაღდნის დაწვა, დიდი ბრიტანეთი
შოტლანდიაში გიგანტური ჩირაღდნის დაწვის ფესტივალს ყოველი წლის 11 იანვარს აღნიშნავენ. ფესტივალი სათავეს წარმართული პერიოდიდან იღებს, რა დროსაც მოსახლოება ზამთრის გრძელი ღამეების განდევნას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ხანძრის საფრთხის გამო ის 1714 წელს აკრძალეს, თუმცა მოსახლეობა მის აღნიშვნას კვლავ აგრძელებდა.
მე-12 ღამე, დიდი ბრიტანეთი
ყოველი წლის 5 იანვარს ლონდონში მე-12 ღამის დღესასწაულს აღნიშნავენ, რაც ქრისტეს შობიდან 12 დღის გასვლასა და საშობაო დღესასწაულის დასრულებას აღნიშნავს. ღონისძიების მთავარი პერსონაში „წმინდა ადამიანი“ ან იგივე „მწვანე ადამიანია“, რომელიც მთლიანად მწვანე ფერის ტანსაცმელშია შემოსილი და ხელები და სახეც მწვანედ აქვს შეღებილი. ღონისძიების დროს მოსახლოებას უფასო ნამცხვრებით უმასპინძლდებიან.