"ერთ თვეში ისეთი მოცულობის ექსპორტი, რაც ნოემბერში დაფიქსირდა, საქართველოს ჯერ არ ჰქონია"

„ნოემბერში მიღწეულია ექსპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 345.9 მლნ აშშ დოლარი, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 25.2 პროცენტით მეტია. ასეთი დიდი მოცულობის ექსპორტი ერთ თვეში საქართველოს ჯერ არ ჰქონია“ , - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნოემბერში საგარეო ვაჭრობაში ასეთმა წარმატებებმა გაამყარეს საგარეო ვაჭრობის წლის პოზიტიური ტრენდი - მთლიანად იანვარ-ნოემბერში, წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 11.7 პროცენტით, უარყოფითი ბალანსის მოცულობა შემცირდა 10.3 პროცენტით, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გაუმჯობესდა 5.2 პუნქტით - 36.4%-დან 41.6%-მდე.

„აღნიშნული პოზიტიური ძვრები საგარეო ვაჭრობაში, აგრეთვე ამ ზაფხულს გაკეთებულ ეკონომიკურ პროგნოზთან შედარებით უფრო მაღალი ზრდა, ექსპორტით მიღებული შემოსავლების ცნობილი მიზეზების გამო 3-თვიანი ვარდნის შემდეგ მატების დამაიმედებელი, მზარდი ტემპი, ფულადი გზავნილების საგრძნობი ზრდა ქმნიან საკმაოდ სოლიდურ საფუძველს არა მარტო ეკონომიკის ზრდის, არამედ საგადამხდელო ბალანსის არსებითი გაუმჯობესების, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების, ინფლაციის დათრგუნვისა და მისი თანდათანობითი შემცირების უზრუნველსაყოფად“ , - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით სერიოზული პოზიტიური მუხტის მატარებლად უნდა ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით კიევში სუამის სამიტზე მიღწეული შეთანხმებები მის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.