ვინ იყიდა და როგორ გამოიყურება მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა (+ფოტო)

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ცნობისთვის, აუქციონის პირობების თანახმად, მისი საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო.

ობიექტის პრივატიზება პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მოხდა. ამასთან, მინისტრის თქმით, გარდა ყოფილი რეზიდენციისა, პროექტის ფარგლებში ორ კვირაში 25 ობიექტის პრივატიზება მოხდა.

რაც შეეხება მყიდველს, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია შპს „აიღვინისსახლის“ (სასტუმრო/რესტორანი „ვინოტელი“) მფლობელმა ბენო ქაშაკაშვილმა იყიდა. ბენო ქაშაკაშვილი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენია.

მიმდინარე წლის, ივლის-სექტემბერში მან „ქართულ ოცნებას“ 110 000 ლარი შესწირა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ სოფიო ქაცარავამ პარლამენტი დატოვა, “ქართული ოცნების” 2016 წლის საპარლამენტო საარჩევნო სიის მიხედვით, მის ადგილმონაცვლედ სწორედ ამ სიაში 53-ე ნომრად ჩაწერილი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი მოიაზრებოდა. თუმცა, მან მანდატის მიღებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სურს, შემდეგ პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.

თაია არდოტელი