პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახალი უწყება - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება 16 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის მიხედვით, იმისთვის, რათა პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა არ განახორციელოს ერთი და იმავე ორგანომ, იქმნება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას განახორციელებს. ახალი სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ი იქნება.
პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო მონიტორინგს გაუწევს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას. სააგენტო ასევე დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით.
საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა)რისკის ანალიზის საფუძველზე; ბ)თუ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.
სააგენტო არ დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.
რაც შეეხება სანქციებს, ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე; სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, რომელიც პროდუქტის რეალიზაციის შეჩერებას შეეხება, გამოიწვევს ეკონომიკური ოპერატორის დაჯარიმებას 1500 ლარამდე; პროდუქტის ამოღების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარამდე; პროდუქტის გამოთხოვის შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე; პროდუქტის განადგურების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარამდე;
კანონპროექტის მიხედვით, დაკისრებული შესაბამისი ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 დღის ვადაში.