აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაინტერესდა

აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაინტერესდა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრის, სამეფო კარისა და აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარის, შეიხი ჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში 29 ოქტომბერს დაგეგმილ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ პროექტებზე მსჯელობა გაიმართება. საინვესტიციო პროექტებს ინვესტორებს "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" წარუდგენს.

აბუ-დაბის საინვესტიციო ჯგუფის თავმჯდომარესთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ.