საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზამთრის სეზონის წინ დასკვნით სამუშაოებს ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თამაზ გამცემლიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები გაეცნენ.
მათივე ინფორმაციით, გუდაურში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და ყველა საჭირო რგოლის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ტექნიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ის საჭიროებები განიხილეს, რომელთა უზრუნველყოფა წარმატებული სათხილამურო სეზონის აუცილებელი წინაპირობაა. სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს დამატებითი საპარკინგე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობები და საცობების განტვირთვის გზები. იმსჯელეს კურორტის დასუფთავების, შიდა და ცენტრალური გზების წმენდის საკითხებზე. უწყებათაშორისი შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა პირველადი სამედიცინო დახმარების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების საკითხები , სანიტარული კვაძების, დასუფთავების, პარკირების, მყარი ნარჩენებბის უტილიზაციის და სხვა მრავალი საკითხი. უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა გუდაურში სხვადასხვა ლოკაციები მოინახულეს, ინსპქტირების მიზნით იმყოფებოდნენ საბაგიროებზე, მოინახულეს სათხილამურო ტრასები და სხვადასხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს ჩვენ ვიმყოფებით გუდაურში, ჩვენთან ერთად წარმოდგენილია არაერთი საჯარო უწყება, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მთის კურორტების კომპანია, ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენ ყველას ერთი მისია გვაქვს, რომ ოთხივე ზამთრის კურორტზე და მათ შორის გუდაურში იყოს გამორჩეულად წარმატებული სეზონი, რომ მაღალი ხარისხით, მაღალი მომსახურების დონით და ინფრასტრუქტურული მზადყოფნით შევხვდეთ ძალიან ბევრ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თამაზ გამცემლიძის განცხადებით, გუდაურის ყველა საბაგირო გამართულია.
„გუდაურის ყველა საბაგირო გამართულია, ჩატარდა ყველა სახის გეგმიური თუ არაგეგმიური სერვისი. ჩვენ ვიყენებთ ხელოვნური გათოვლიანების სისტემას. უკვე გადავამზადეთ საბაგიროს პერსონალი, თოვლის სატკეპნი მანქანების თანამშრომლები. გადამზადების კურსი ჩაუტარდათ მაშველებსაც.“-განაცხადა თამაზ გამცემლიძემ.
საკოორდინაციო შეხვედრა გუდაურის გარდა ბაკურიანშიც ჩატარდა, შეხვედრების მიზანია ზამთრის სეზონზე სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.