„კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება კვლავაც სერიოზულად ზარალდება“ - იძულებით გასხვისებული ქონების 49% კერძო მევახშეებზე მოდის

2019 წლის ათ თვეში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1 039 უძრავი ქონება, საიდანაც ყველაზე მეტი - 514 ანუ 49% - კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 40% ანუ 411 უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კი კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა. კერძოდ, 2017 წელს აუქციონის წესით - 1 695, ხოლო 2018-ში - 1 395 ქონება გასხვისდა.

„მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად, დაურეგულირებელი (რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს). პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო პირებისგან მსესხებლები ძირითადად მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაა.

მიუხედავად კერძო პირებისგან ჩამორთმეული უძრავი ქონების რიცხოვნების კლებისა, კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება კვლავაც სერიოზულად ზარალდება. შესაბამისად, სასურველია ამ სეგმენტის წილის რაც შეიძლება მინიმუმამდე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ფინანსურად დამძიმებული მოქალაქეების მდგომარეობას გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიღებული რეგულაციები დადებითად აისახა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების მიმართულებით, თუმცა ჩამორთმეული უძრავი ქონების მოცულობა კვლავაც მაღალია,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

ამასთან, კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია: საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება; სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება; მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება; აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ.

თაია არდოტელი