g. Vino და Vino Underground – Forbes-მა თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები დაასახელა

„ფორბსი“ თბილისის საუკეთესო ღვინის ბარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც ავტორი წერს, ამას 8000 წელი დასჭირდა, თუმცა მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა - საქართველო, საბოლოოდ ექცევა დამსახურებულ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში.

როგორც „ფორბსი“ წერს, „საფერავისა“ ან „რქაწითელის“ დასაგემოვნებლად საქართველოში, კერძოდ კი თბილისში მოგზაურობაზე უკეთესი გზა არ არსებობს.

„საკუთარი ეროვნული ღვინით, რომლის ნაწილი მცირე მეღვინეების მიერ იწარმოება, ნაწილი კი ქვევრში, ტრადიციული მეთოდით, ქართველები ძალიან ამაყობენ“, - წერს „ფორბსი“.

გამოცემა სტატიაში ორ ადგილს ასახელებს, სადაც, ავტორის თქმით, საუკეთესო ღვინოსა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. ეს ადგილებია g. Vino და Vino Underground.

ასევე, სტატიაში ნახსენებია თბილისში, ვერის ტერიტორიაზე მდებარე ღვინის ბარი სულიკო, რომლის ღვინოსა და სამზარეულოს დიდ რეკომენდაციას უწევენ.

„ვერსად ვერ დააგემოვნებთ უკეთეს „ტოლმას“, ვიდრე აქ“, - წერს „ფორბსი“.

მარიამ მენაბდიშვილი