„ბრილიანტების მსოფლიო ბაზარზე საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ დგას“ - ამის შესახებ The Global Diamond Industry 2019-ის ანგარიშში წერია. ამავე ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში უმნიშვნელო ზრდის შემდეგ 2019 წელს ბაზარი გამალებით იბრძოდა პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, აშშ-სა და ჩინეთში ბაზრის ცვლილების გამო მოხმარებამ იკლო. ორგანიზაციის ვარაუდით, 2019 წელს ბრილიანტების ბაზარზე წინა წელთან შედარებით 2%-იან კლებას ელოდებიან.
ამავე ანგარიშის თანახმად, ნედლი ალმასის გაყიდვები წელს 25%-იან კლებას დააფიქსირებს. ერთადერთი მიმართულება ამ ბაზარზე, რომელიც 10%-იან ზრდას აჩვენებს, ეს არის პრემიუმ-კლასის ბრენდული ბრილიანტების სეგმენტი, რომელსაც საერთო ბაზრის მხოლოდ 15% უკავია.
რაც შეეხება რეგიონებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელს შტატებში ბრილიანტების ბაზარი 2%-ით შემცირდება, მაშინ როცა წინა წელს 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ევროპაში კი ბაზარი უცვლელი დარჩება და ის სტაბილურობას შეინარჩუნებს.